
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდა
30 ივნისი 2026ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში.
ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
მზია გიორგობიანმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, მზარდ როლზე. მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, საგზაო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე წყალმომარაგებისა და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებზე.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თანამედროვე და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მან ასევე ხაზი გაუსვა მაღალი ევროპული სტანდარტების დანერგვის, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შოთა ანდრიაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მათ ისაუბრეს საქართველოს წყალმომარაგება-წყალარინების სექტორსა და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საერთაშორისო და სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარე პროექტების სატენდერო პროცედურებსა და განხორციელების მექანიზმებზე. მათ ასევე აღნიშნეს კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ხარისხიანი და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში.
ფორუმი საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
